სამების საკათედრო ტაძარი

Sunday, June 6, 2010

უწმინდესი


I

უწმინდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

„ჩვენ გვყავს ზეციური საქართველო, ძლიერი წინაპრები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეხმარებიან ქართველ ერს, დავძლიოთ ის სიმძიმეები, რომელიც გვარგუნა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ დაკარგოს ღვთისა და მომავლის იმედი, არ დაკარგოს თავის რწმენა“.

„ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს“.

უწმიდესისა და უნეტარესის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ბიოგრაფია

1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.

მშობლები - გიორგი შიოლაშვილი
და ნატალია კობაიძე

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ.

არსებობს აგრეთვე ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან.

არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი
(შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი)
მან მონათლა პატარა
ირაკლი შიოლაშვილი

ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და ყრმას, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).

არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში.

სწორედ აქ, სამთავროს მონასტერში, შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი - ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს:

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“.

ირაკლი შიოლაშვილი
სტუდენტობის დროს

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად...

... განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი.

ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს „ძნელად გადასაწყვეტი საქმე“ - ბერად შედგომა.

24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.

თავად პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას: „ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“.

არქიმანდრიტი ილია 1962 წელი

იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს.

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, - რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია.

ბათუმ-შემოქმედელი
ეპისკოპოსი ილია 1965 წელი

1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - 1963 წლიდან 1972 წლამდე.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს - უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია
1976 წელი

ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.

„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“, - ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

გავიდა 25 წელი და აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთვრულ მოღვაწეობას უკავშირდება:

1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია.

კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა - წმიდა ილია მართალი (XIX-XX ს.), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე (XX ს.), ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია (XX ს.), ალექსი ბერი (შუშანია) (XX ს.), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად (XX ს.), წმიდა ნინოს მშობლები - ზაბულონი და სოსანა (IV ს.), წმიდა თეოდორე კველთელი (XVII ს.), წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (XIX ს.), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIX ს.), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (XIII ს.), აჭარაში თურქთაგან წამებულნი მამანი და დედანი (XVIII ს.), პეტრე I (V ს.) - წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი, სამუელ I (V-VI ს.) - პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი, მელქისედეკ I (XI ს.) - სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ზოსიმე II - ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (IX ს.), მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) - ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.) - იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი, აბუსერიძე ტბელი (XIII ს.), ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული, ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.) დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX ს) - გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული.

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია 1981 წ.

1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერენციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი“, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან.

კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, საიუბილეო გამოცემა, № 52 (205), 2002 წ.

„პირველი დამხმარე, პირველი ქომაგი, პირველი ჭირისუფალი გაჭირვებული ადამიანისა - პატრიარქია!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II შესახებ ჩვენ გავესაუბრეთ მის ბიძაშვილს, ქალბატონ ნელი შიოლაშვილს. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.

- ქალბატონო ნელი, თუ შეიძლება გვიამბეთ, როდის გადაწყვიტა უწმიდესმა საბერო ცხოვრების დაწყება და რამ განაპირობა მისი არჩევანი.

- უწმიდესმა საშუალო სკოლა ვლადიკავკაზში 1950 წელს დაამთავრა. 5 წელი იყო გასული ომის დამთავრებიდან. ჩვენ ომი შეგვეხო, იმიტომ რომ ფრონტისპირა ზოლში ვცხოვრობდით. მახსოვს, როგორი ურთულესი პირობები იყო. ადამიანები მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე ფიქრობდნენ და სხვა რამ საზრუნავი არავის გააჩნდა. და აი, ამ ვითარებაში ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა პიროვნება, რომელმაც ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გადაწყვიტა დადგომოდა უფლის გზას. ეს არამც თუ იშვიათობა იყო, არამედ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა. თუმცა, შემთხვევა კი არა, საიდუმლო განგება ღვთისა.

ეს, რა თქმა უნდა, მშობლების დიდი გავლენით მოხდა. მამის როლი გადამწყვეტი იყო.

- გვიამბეთ, პატრიარქის მამის შესახებ. როგორი იყო იგი?

- საოცარი მამა ჰყავდა პატრიარქს, ბატონი გიორგი იმ მხარეში დიდად პატივცემული პიროვნება გახლდათ. თუმცა ერისკაცი იყო, იმდენად მორწმუნე ადამიანი გახლდათ, რომ სასულიერო პირის ტოლ პატივს მიაგებდნენ. ეკლესია იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. მხოლოდ მას ჰქონდა სამლოცველო ოთახი და ჩვენ ბავშვები ამას აღვიქვამდით, როგორც ეკლესიას. თუ ვინმე ქუჩაში ბატონ გიორგის შეხვდებოდა, მას უმალ განსაკუთრებული მოწიწება უჩნდებოდა ხოლმე მის მიმართ და იმედით ივსებოდა, რადგან ოჯახებში თუ რამ კარგი ხდებოდა, ბატონ გიორგის უნდა დაელოცა; და თუ რამ ცუდი მოხდებოდა - ნუგეშსაც მისგან ელოდებოდნენ. რწმენა ხალხში უკვე ნაკლებად იყო და ეს გამორჩეული პიროვნება განამტკიცებდა ხალხს და მხარში ედგა ყველას.

ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ მის ოჯახში სუფევდა განსაკუთრებული გარემოება ბავშვების დიდი სულიერებით აღზრდისათვის.

- საოცარია, როგორ გადაურჩა იმ წლებში დევნას ამგვარი პიროვნება...

- ეს უთუოდ ღვთის განგებით მოხდა. მას გააჩნდა მისია, რომ აღეზარდა საქართველოს პატრიარქი. რუსთველის შეგონება: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“, - ამ შემთხვევაშიც ქმედითი გახდა. ბატონმა გიორგიმ თავის შვილს არა მარტო ჩააგონა ის, რომ ღვთის ნებას მიჰყოლოდა და ღვთის სამსახურში ჩამდგარიყო, არამედ წმინდა ცხოვრებითაც აძლევდა მაგალითს. ყრმა ირაკლი მას არდადეგებზე მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაჰყავდა მის ნათლიასთან, მონასტრის იღუმენიასთან დედა ზოილესთან. ბატონი გიორგი ვლადიკავკაზში ცხოვრობდა და იგი ფაქტიურად ქართულ სათვისტომოს სათავეში ედგა. მას ჰქონდა ურთიერთობა სასულიერო პირებთან და უპირველესად მცხეთას სტუმრობდა.

ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდა წირვა-ლოცვას, აკვირდებოდა მონასტრულ ცხოვრებას, ბევრს კითხულობდა საღვთისმეტყველო ლიტერატურას.

- როგორი ბავშვი იყო ირაკლი?

- პატარებს არავის დააჩაგვრინებდა; ყოველთვის პოულობდა საერთოს თავისზე უმცროსთან, ან სუსტთან და უმწეოსთან, რათა რაღაცით დახმარებოდა. იგი დღესაც ასეთია. პირველი დამხმარე, პირველი ქომაგი, პირველი ჭირისუფალი გაჭირვებული ადამიანისა - პატრიარქია. ყველაზე ძვირფასი პატრიარქისთვის, პირველ რიგში, ყოველთვის პიროვნება იყო. ნებისმიერ ვითარებაში იგი წინა პლანზე სწორედ პიროვნებას წამოწევდა. თუკი ვინმემ მნიშვნელოვანი საქმე გააფუჭა, პატრიარქი, უპირველეს ყოვლისა, არა საქმეზე, არამედ პიროვნებაზე ფიქრობს. იგი ეძიებს ამ ადამიანის გამოქომაგების და შველის გზებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეცოდება და იმიტომაც, რომ ეშინია, ვაი თუ ამ შემთხვევამ სრულებით დაღუპოს ის ადამიანი.

- ქალბატონო ნელი, პატრიარქის დედის შესახებ ხომ არაფერს გაიხსენებდით?

- ქალბატონი ნატო კობაიძე შიოლაშვილების რძალი იყო. ჩვენთან ხევში იყო ასეთი წესი, რომ გვარში უფროსი რძლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა იყო. და თუკი იგი გამორჩეული პიროვნება იყო, შესაბამისად. პატივისცემაც მეტი ჰქონდა. ძალიან საყვარელი და გულისხმიერი ქალი იყო. საოცარი მოფერება იცოდა, ჩვენთან იციან თქმა ასეთ ადამიანზე - სულ თაფლის წყალი ამოსდის პირიდანო. ერთხელ მის გარშემო ბავშვები შეკრებილიყვნენ, მისი შვილები, ნათესავები, მეზობლები. იგი ყველას მოფერებია და ყველასთვის განსხვავებული ალერსიანი სიტყვა უთქვამს. პატარა ირაკლი კი უყურადღებოდ დარჩენია. ბავშვმა ვერ მოითმინა და გაბუტულმა დედას უთხრა: „დედა, მე?“ დედა მიუბრუნდა, თურმე, ყველა შემოიცალა და მიიხმო. ირაკლი მივიდა და დედას კალთაში თავი ჩაურგო. დედა მოეხვია და უთხრა: „შენ? შენ ხომ ჩემი ოქრო ხარ!“ დედის ამ მოფერებას მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია და კარგადაც დამახსოვრებია. ამის შემდეგ, უწმიდესსაც ჩვევაში დაუმკვიდრდა ასეთი მოფერება: „ჩემო ოქრო!“, რომელსაც დედის სიტყვის მადლი მოჰყვება.

- თქვენ როგორი დაგამახსოვრდათ ქალბატონი ნატო?

- ნატო ძალოს ვეძახდით. მახსოვს, მას დაბალი ხმა ჰქონდა და ძალიან მშვიდი საუბარი იცოდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და საუბრების თემა აღარ მახსოვს. უკონფლიქტო და საოცრად თბილი ადამიანი იყო.

- თქვენგან მსმენია, რომ უწმიდესს პატრიარქობა უწინასწარმეტყველეს. გვიამბეთ ამის შესახებ.

- ბატონ გიორგის გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ირაკლი უნდა გაეგზავნა სწავლა-განათლების მისაღებად სასულიერო სემინარიაში. იმ ხანად ბატონი გიორგი ეზოში სათავსოს აშენებდა. ერთხელ მან უთხრა ირაკლის და თავის ძმისწულს: „მე ვიცი, რომ თქვენს შორის ერთ-ერთი საქართველოს პატრიარქი იქნება.“ მისი ნათქვამი აიტაცეს. ბატონმა გიორგიმ ეს სიტყვები დაწერა, ბოთლში ჩადო და სათავსოს კედელში ჩაატანა. ამ სიტყვების მომსწრე ბევრი ახლობელია.

- უწმიდესის ინტრონიზაციას ბატონი გიორგი ვეღარ მოესწრო, არა?

- ბატონი გიორგი 1967 წელს გარდაიცვალა. გაზაფხული იდგა. ირაკლი შიოლაშვილი მაშინ ეპისკოპოსის ხარისხში იყო. კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი ესწრებოდა ბატონ გიორგის დაკრძალვას. უწმიდესმა ეფრემმა ქადაგება მოისურვა. უცნაური იყო მისი სიტყვები. მან ამ მოვლენას სასწაული უწოდა. „რაც თქვენ დღეს აქ იხილეთ, სასწაულია და თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რას უქადის ბედი მეუფე ილიას“ - ბრძანა უწმიდესმა ეფრემმა.

- ცნობილია, რომ პატრიარქი ეფრემი მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობისთვის ამზადებდა...

- უწმიდესი ეფრემის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტ ილიას ყველა ხედავდა მის მოსაყდრედ და მომავალ პატრიარქად. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება და რაც მოხდა, ასეა საჭირო“ - ბრძანა მიტროპოლიტმა ილიამ.

- ეტყობა, მიტროპოლიტ ილიას ჯერ აფხაზეთში ჰქონდა თავისი მისია შესასრულებელი...

- დიახ, იმ ხანად პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო. ეს ის პერიოდია, როცა იქ ქართველი ეკლესიაში არ შედიოდა, 2-3 მოხუცის გარდა. მიტროპოლიტ ილიას უპირველესი მიზანი - ქართველი კაცის ეკლესიასთან დაახლოება იყო. ამისათვის მან ბევრი გააკეთა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოექცა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ, როცა ამ კუთხეს თავს უბედურება დაატყდა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად იქცა, ბევრი მათგანი ამბობდა: „კანონზომიერად მივიჩნევთ იმას, რაც დაგვემართა“. ერთ-ერთი ასეთი ოჯახიდან 14 წლის გოგონამ ასე გამოხატა თავისი განცდა: „ჩვენ გალში 3-სართულიანი სახლი და ორი აუზი გვქონდა, ეზოში კი შვლები და ფარშევანგები გვყავდა გაშვებული. აი, ასეთ პირობებში ვცხოვრობდით და ღმერთის სახელი არ გვიხსენებია. და განა შეიძლება არ დავსჯილიყავით?“ ეს გააცნობიერა მოზარდმა გოგონამ, რომელიც ახლა უკვე ეკლესიური გახდა. მე ვკითხე მას: „შენნაირად კიდევ ბევრი ფიქრობს?“ მან მომიგო: „ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი, - ალბათ ფიქრობს“.

- მას შემდეგ, რაც უწმიდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქო ტახტზე ავიდა, სანათესაო მას როგორ მიმართავთ?

- სანათესაომ პირველ დღესვე გადალახა ეს ზღვარი. პატრიარქის კურთხევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ეს პრობლემა აღარ იდგა. უფროსებისგან მე თვითონ გამიკვირდა, ვკითხე კიდეც: „თქვენ ხომ მას გუშინ ირაკლის ეძახდით, ახლა ასე უცებ, როგორ შესძელით ამის გადალახვა?“ პასუხი იყო: „არა, ეგ დაბადებიდან უწმიდესი იყო, ახლა კი აღსრულდა ეს“.

- როგორ დაგამახსოვრდათ პატრიარქის ინტრონიზაციის დღე?

სვეტიცხოველში პატრიარქის კურთხევის შემდეგ, სასტუმრო ივერიაში გაიმართა ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდა, როგორც სამღვდელოება, ისე საზოგადოების წარჩინებული პირები.

ყველა გრძნობდა, რომ ხდებოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი რამის ახსნა მაშინ ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო. ერთმანეთს კითხვის ნიშნით ვუყურებდით - პასუხი არავის ჰქონდა. ბანკეტის შემდეგ, მისი უწმიდესობა საპატიო ესკორტით მიაცილეს საპატრიარქო რეზიდენციაში. გვიანი ღამე იყო. პირველად შედგა ფეხი სამუშაო ოთახში უკვე გვირგვინოსანმა პატრიარქმა. გავიდა დრო, მისი უწმიდესობა არ ჩანდა. გავბედე და ღია კართან მივედი.

კაბინეტის კედლებზე ეკიდა საქართველოს ყოფილი პატრიარქების პორტრეტები. მისი უწმინდესობა მიდიოდა ყოველ სურათთან, პატივს მიაგებდა, ხელაპყრობით ლოცულობდა და შესთხოვდა მათ სულებს - დახმარებოდნენ იმა სოფლიდან, რადგან მთელი სიცხადით გრძნობდა და ხედავდა, რა რთულ და ეკლიან გზას შეუდგა.

- მსმენია, რომ უწმიდესისა და უნეტერსის ილია II საპატრიარქო ტახტზე ასვლას ქართველი ხალხი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა.

- პატრიარქის მმართველობის პირველ წლებში, მახსოვს ერთხელ უწმიდესი ფილარმონიის დარბაზში საიუბილეო საღამოზე მიიწვიეს. ცკ-ს მდივანი ედუარდ შევარდნაძე თავისი ამალით უკვე დარბაზში იყო, როდესაც უწმიდესი შემობრძანდა. საიუბილეო საღამო ეროსი მანჯგალაძეს მიჰყავდა. როცა პატრიარქი დარბაზში შევიდა, ვინც დაინახა, ყველა ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტებით მიეგება. პატრიარქმა ხალხი დალოცა. ისეთი ხმაური იყო დარბაზში, ბატონ ეროსს არ მიეცა საშუალება საღამო დაეწყო, თუმცა მან რამდენიმეჯერ უშედეგოდ სცადა. ხელისუფალთ ეს ლამის გამოწვევად მიიღეს. ასეთი „ბარიერები“ იმხანად ბევრზე ბევრი იყო.

- რაც პატრიარქის მძიმე ჯვარს კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა...

- ბევრი იყო რთულ გზაზე განსაცდელი, გულისტკენა, უსაფუძვლო ცილისწამებაც კი. და იტანდა ყოველივეს მართალი კაცი მშვიდად, უსიტყვოდ, უდრტვინველად, იმ ცოდვილთათვის მლოცველად, თავგზააბნეულებს რომ ვერ გაეგოთ რასა იქმან - და... მარცხდებოდნენ, მარცხდებონენ მისი უწმიდესობის ერთადერთი იარაღით - სიყვარულით, ყველას და ყველაფერს რომ მოერევა და კურნავს.

- საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს კარგად იცნობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დიდ პატივსაც მიაგებენ მის პიროვნებას...

- ამასთან დაკავშირებით, ერთი შემთხვევა მახსენდება. პატრიარქთან სტუმრად იყო ჩამოსული ამიერკავკასიის მუსულმან ხალხთა მუფტი. მოგეხსენებათ, პატრიარქმა როგორი თბილი მიღება იცის. მათ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. როდესაც მუფტი მიდიოდა და პატრიარქმა გააცილა, ჰოლში მონაზვნების ჯგუფი იდგა. მუფტის სახეზე ეტყობოდა, როგორი კმაყოფილი და სავსე ტოვებდა საპატრიარქოს. იგი მიუბრუნდა მონაზვნებს, ვერ მოითმინა, რომ არ ეთქვა: „თქვენ არ იცით, ვინ გყავთ!“ მან პატრიარქის პიროვნებაში უფლის რჩეული დაინახა.

- გთხოვთ, გაიხსენოთ რაიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს უწმიდესისა და უნეტერესის ხასიათს.

- ერთხელ სიონის ტაძარში წირვის დროს ერთი გაჭირვებული ქალი შემოვიდა. მას სახეზე თავსაფარი ჰქონდა ჩამოფარებული. ერთ-ერთი მრევლთაგანი გამოელაპარაკა და მანაც უამბო, რომ კანის დაავადება სჭირს, ამიტომ სახლში შვილებმა მოიძულეს და იგი თბილისში სამათხოვროდ ჩამოვიდა. ტაძარში ჩოჩქოლი შეიქნა. პატრიარქს რომ ხმაური მოესმა, სტიქაროსნებს დაავალა, გაიგეთ რა ხდებაო. მალე უწმიდესს ამ ქალის შესახებ მოახსენეს: წასასვლელი არსად აქვს და აქ ზისო.

მაშინ პატრიარქის რეზიდენცია სიონის ეზოში იყო. როგორც კი წირვა დამთავრდა, პატრიარქმა საჩქაროდ მალამოს მომზადება დაიწყო. ალბათ, იცით, რომ უწმიდესი ფიტოთერაპიითაა გატაცებული. მალამოსთვის საჭირო კომპონენტები მოითხოვა და თავისი ხელით შეაზავა. შემდეგ დედები სიონის ტაძარში გააგზავნა, რომ ის ქალი მოეყვანათ. ავადმყოფი ქალი სიონში აღარ დახვდათ. პატრიარქი შეწუხდა და დაავალა, მოეძებნათ იგი. უწმიდესმა ზოგი ვაგზალზე გააგზავნა მის მოსაძებნად და ზოგიც - ავტოსადგურში. ქალი ვერსად იპოვეს. უწმიდესი კი სადილს არ ეკარებოდა, იჯდა და ელოდა...

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.

ესაუბრა მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ 2004 წ.

ქართვლის მნათობო!

უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს

ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.

ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.

იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,
დგას საქართველო დამ
წყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.

უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები
ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.

მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.

შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია,
დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა,
ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება
და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა.

სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ,
ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია;
ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ
და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია.

შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით,
და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას...
წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით,
თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას.

ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა,
დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით,
გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა,
ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით,

ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს,
თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით.

ნუგზარ ჩიკვაიძე

დალოცვილი და ბედნიერი გამყოფოთ უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თქვენ და სრულიად საქართველო.

ღმერთს ებარებოდეთ, ღმერთს ეყვარებოდეთ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ინფორმაციის წყარო:http://www.orthodoxy.ge/patriarqi.htm

No comments:

Post a Comment