სამების საკათედრო ტაძარი

Sunday, June 6, 2010

უწმინდესი


I

უწმინდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

„ჩვენ გვყავს ზეციური საქართველო, ძლიერი წინაპრები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეხმარებიან ქართველ ერს, დავძლიოთ ის სიმძიმეები, რომელიც გვარგუნა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ დაკარგოს ღვთისა და მომავლის იმედი, არ დაკარგოს თავის რწმენა“.

„ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს“.

უწმიდესისა და უნეტარესის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ბიოგრაფია

1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.

მშობლები - გიორგი შიოლაშვილი
და ნატალია კობაიძე

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ.

არსებობს აგრეთვე ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან.

არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი
(შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი)
მან მონათლა პატარა
ირაკლი შიოლაშვილი

ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს სწორედ ამ ქართულ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და ყრმას, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).

არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში.

სწორედ აქ, სამთავროს მონასტერში, შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი - ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს:

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“.

ირაკლი შიოლაშვილი
სტუდენტობის დროს

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად...

... განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი.

ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს „ძნელად გადასაწყვეტი საქმე“ - ბერად შედგომა.

24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.

თავად პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას: „ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“.

არქიმანდრიტი ილია 1962 წელი

იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს.

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, - რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია.

ბათუმ-შემოქმედელი
ეპისკოპოსი ილია 1965 წელი

1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - 1963 წლიდან 1972 წლამდე.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს - უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია
1976 წელი

ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.

„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“, - ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

გავიდა 25 წელი და აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთვრულ მოღვაწეობას უკავშირდება:

1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია.

კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა - წმიდა ილია მართალი (XIX-XX ს.), წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე (XX ს.), ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია (XX ს.), ალექსი ბერი (შუშანია) (XX ს.), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად (XX ს.), წმიდა ნინოს მშობლები - ზაბულონი და სოსანა (IV ს.), წმიდა თეოდორე კველთელი (XVII ს.), წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (XIX ს.), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIX ს.), წმიდა ცოტნე აღმსარებელი (XIII ს.), აჭარაში თურქთაგან წამებულნი მამანი და დედანი (XVIII ს.), პეტრე I (V ს.) - წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი, სამუელ I (V-VI ს.) - პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი, მელქისედეკ I (XI ს.) - სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ზოსიმე II - ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (IX ს.), მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) - ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) (XVIII-XIX ს.) - იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი, აბუსერიძე ტბელი (XIII ს.), ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული, ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.) დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX ს) - გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული.

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია 1981 წ.

1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერენციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი“, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან.

კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, საიუბილეო გამოცემა, № 52 (205), 2002 წ.

„პირველი დამხმარე, პირველი ქომაგი, პირველი ჭირისუფალი გაჭირვებული ადამიანისა - პატრიარქია!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II შესახებ ჩვენ გავესაუბრეთ მის ბიძაშვილს, ქალბატონ ნელი შიოლაშვილს. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.

- ქალბატონო ნელი, თუ შეიძლება გვიამბეთ, როდის გადაწყვიტა უწმიდესმა საბერო ცხოვრების დაწყება და რამ განაპირობა მისი არჩევანი.

- უწმიდესმა საშუალო სკოლა ვლადიკავკაზში 1950 წელს დაამთავრა. 5 წელი იყო გასული ომის დამთავრებიდან. ჩვენ ომი შეგვეხო, იმიტომ რომ ფრონტისპირა ზოლში ვცხოვრობდით. მახსოვს, როგორი ურთულესი პირობები იყო. ადამიანები მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე ფიქრობდნენ და სხვა რამ საზრუნავი არავის გააჩნდა. და აი, ამ ვითარებაში ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა პიროვნება, რომელმაც ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გადაწყვიტა დადგომოდა უფლის გზას. ეს არამც თუ იშვიათობა იყო, არამედ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა. თუმცა, შემთხვევა კი არა, საიდუმლო განგება ღვთისა.

ეს, რა თქმა უნდა, მშობლების დიდი გავლენით მოხდა. მამის როლი გადამწყვეტი იყო.

- გვიამბეთ, პატრიარქის მამის შესახებ. როგორი იყო იგი?

- საოცარი მამა ჰყავდა პატრიარქს, ბატონი გიორგი იმ მხარეში დიდად პატივცემული პიროვნება გახლდათ. თუმცა ერისკაცი იყო, იმდენად მორწმუნე ადამიანი გახლდათ, რომ სასულიერო პირის ტოლ პატივს მიაგებდნენ. ეკლესია იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. მხოლოდ მას ჰქონდა სამლოცველო ოთახი და ჩვენ ბავშვები ამას აღვიქვამდით, როგორც ეკლესიას. თუ ვინმე ქუჩაში ბატონ გიორგის შეხვდებოდა, მას უმალ განსაკუთრებული მოწიწება უჩნდებოდა ხოლმე მის მიმართ და იმედით ივსებოდა, რადგან ოჯახებში თუ რამ კარგი ხდებოდა, ბატონ გიორგის უნდა დაელოცა; და თუ რამ ცუდი მოხდებოდა - ნუგეშსაც მისგან ელოდებოდნენ. რწმენა ხალხში უკვე ნაკლებად იყო და ეს გამორჩეული პიროვნება განამტკიცებდა ხალხს და მხარში ედგა ყველას.

ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ მის ოჯახში სუფევდა განსაკუთრებული გარემოება ბავშვების დიდი სულიერებით აღზრდისათვის.

- საოცარია, როგორ გადაურჩა იმ წლებში დევნას ამგვარი პიროვნება...

- ეს უთუოდ ღვთის განგებით მოხდა. მას გააჩნდა მისია, რომ აღეზარდა საქართველოს პატრიარქი. რუსთველის შეგონება: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“, - ამ შემთხვევაშიც ქმედითი გახდა. ბატონმა გიორგიმ თავის შვილს არა მარტო ჩააგონა ის, რომ ღვთის ნებას მიჰყოლოდა და ღვთის სამსახურში ჩამდგარიყო, არამედ წმინდა ცხოვრებითაც აძლევდა მაგალითს. ყრმა ირაკლი მას არდადეგებზე მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაჰყავდა მის ნათლიასთან, მონასტრის იღუმენიასთან დედა ზოილესთან. ბატონი გიორგი ვლადიკავკაზში ცხოვრობდა და იგი ფაქტიურად ქართულ სათვისტომოს სათავეში ედგა. მას ჰქონდა ურთიერთობა სასულიერო პირებთან და უპირველესად მცხეთას სტუმრობდა.

ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდა წირვა-ლოცვას, აკვირდებოდა მონასტრულ ცხოვრებას, ბევრს კითხულობდა საღვთისმეტყველო ლიტერატურას.

- როგორი ბავშვი იყო ირაკლი?

- პატარებს არავის დააჩაგვრინებდა; ყოველთვის პოულობდა საერთოს თავისზე უმცროსთან, ან სუსტთან და უმწეოსთან, რათა რაღაცით დახმარებოდა. იგი დღესაც ასეთია. პირველი დამხმარე, პირველი ქომაგი, პირველი ჭირისუფალი გაჭირვებული ადამიანისა - პატრიარქია. ყველაზე ძვირფასი პატრიარქისთვის, პირველ რიგში, ყოველთვის პიროვნება იყო. ნებისმიერ ვითარებაში იგი წინა პლანზე სწორედ პიროვნებას წამოწევდა. თუკი ვინმემ მნიშვნელოვანი საქმე გააფუჭა, პატრიარქი, უპირველეს ყოვლისა, არა საქმეზე, არამედ პიროვნებაზე ფიქრობს. იგი ეძიებს ამ ადამიანის გამოქომაგების და შველის გზებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეცოდება და იმიტომაც, რომ ეშინია, ვაი თუ ამ შემთხვევამ სრულებით დაღუპოს ის ადამიანი.

- ქალბატონო ნელი, პატრიარქის დედის შესახებ ხომ არაფერს გაიხსენებდით?

- ქალბატონი ნატო კობაიძე შიოლაშვილების რძალი იყო. ჩვენთან ხევში იყო ასეთი წესი, რომ გვარში უფროსი რძლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა იყო. და თუკი იგი გამორჩეული პიროვნება იყო, შესაბამისად. პატივისცემაც მეტი ჰქონდა. ძალიან საყვარელი და გულისხმიერი ქალი იყო. საოცარი მოფერება იცოდა, ჩვენთან იციან თქმა ასეთ ადამიანზე - სულ თაფლის წყალი ამოსდის პირიდანო. ერთხელ მის გარშემო ბავშვები შეკრებილიყვნენ, მისი შვილები, ნათესავები, მეზობლები. იგი ყველას მოფერებია და ყველასთვის განსხვავებული ალერსიანი სიტყვა უთქვამს. პატარა ირაკლი კი უყურადღებოდ დარჩენია. ბავშვმა ვერ მოითმინა და გაბუტულმა დედას უთხრა: „დედა, მე?“ დედა მიუბრუნდა, თურმე, ყველა შემოიცალა და მიიხმო. ირაკლი მივიდა და დედას კალთაში თავი ჩაურგო. დედა მოეხვია და უთხრა: „შენ? შენ ხომ ჩემი ოქრო ხარ!“ დედის ამ მოფერებას მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია და კარგადაც დამახსოვრებია. ამის შემდეგ, უწმიდესსაც ჩვევაში დაუმკვიდრდა ასეთი მოფერება: „ჩემო ოქრო!“, რომელსაც დედის სიტყვის მადლი მოჰყვება.

- თქვენ როგორი დაგამახსოვრდათ ქალბატონი ნატო?

- ნატო ძალოს ვეძახდით. მახსოვს, მას დაბალი ხმა ჰქონდა და ძალიან მშვიდი საუბარი იცოდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და საუბრების თემა აღარ მახსოვს. უკონფლიქტო და საოცრად თბილი ადამიანი იყო.

- თქვენგან მსმენია, რომ უწმიდესს პატრიარქობა უწინასწარმეტყველეს. გვიამბეთ ამის შესახებ.

- ბატონ გიორგის გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ირაკლი უნდა გაეგზავნა სწავლა-განათლების მისაღებად სასულიერო სემინარიაში. იმ ხანად ბატონი გიორგი ეზოში სათავსოს აშენებდა. ერთხელ მან უთხრა ირაკლის და თავის ძმისწულს: „მე ვიცი, რომ თქვენს შორის ერთ-ერთი საქართველოს პატრიარქი იქნება.“ მისი ნათქვამი აიტაცეს. ბატონმა გიორგიმ ეს სიტყვები დაწერა, ბოთლში ჩადო და სათავსოს კედელში ჩაატანა. ამ სიტყვების მომსწრე ბევრი ახლობელია.

- უწმიდესის ინტრონიზაციას ბატონი გიორგი ვეღარ მოესწრო, არა?

- ბატონი გიორგი 1967 წელს გარდაიცვალა. გაზაფხული იდგა. ირაკლი შიოლაშვილი მაშინ ეპისკოპოსის ხარისხში იყო. კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი ესწრებოდა ბატონ გიორგის დაკრძალვას. უწმიდესმა ეფრემმა ქადაგება მოისურვა. უცნაური იყო მისი სიტყვები. მან ამ მოვლენას სასწაული უწოდა. „რაც თქვენ დღეს აქ იხილეთ, სასწაულია და თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რას უქადის ბედი მეუფე ილიას“ - ბრძანა უწმიდესმა ეფრემმა.

- ცნობილია, რომ პატრიარქი ეფრემი მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობისთვის ამზადებდა...

- უწმიდესი ეფრემის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტ ილიას ყველა ხედავდა მის მოსაყდრედ და მომავალ პატრიარქად. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება და რაც მოხდა, ასეა საჭირო“ - ბრძანა მიტროპოლიტმა ილიამ.

- ეტყობა, მიტროპოლიტ ილიას ჯერ აფხაზეთში ჰქონდა თავისი მისია შესასრულებელი...

- დიახ, იმ ხანად პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო. ეს ის პერიოდია, როცა იქ ქართველი ეკლესიაში არ შედიოდა, 2-3 მოხუცის გარდა. მიტროპოლიტ ილიას უპირველესი მიზანი - ქართველი კაცის ეკლესიასთან დაახლოება იყო. ამისათვის მან ბევრი გააკეთა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოექცა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ, როცა ამ კუთხეს თავს უბედურება დაატყდა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად იქცა, ბევრი მათგანი ამბობდა: „კანონზომიერად მივიჩნევთ იმას, რაც დაგვემართა“. ერთ-ერთი ასეთი ოჯახიდან 14 წლის გოგონამ ასე გამოხატა თავისი განცდა: „ჩვენ გალში 3-სართულიანი სახლი და ორი აუზი გვქონდა, ეზოში კი შვლები და ფარშევანგები გვყავდა გაშვებული. აი, ასეთ პირობებში ვცხოვრობდით და ღმერთის სახელი არ გვიხსენებია. და განა შეიძლება არ დავსჯილიყავით?“ ეს გააცნობიერა მოზარდმა გოგონამ, რომელიც ახლა უკვე ეკლესიური გახდა. მე ვკითხე მას: „შენნაირად კიდევ ბევრი ფიქრობს?“ მან მომიგო: „ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი, - ალბათ ფიქრობს“.

- მას შემდეგ, რაც უწმიდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქო ტახტზე ავიდა, სანათესაო მას როგორ მიმართავთ?

- სანათესაომ პირველ დღესვე გადალახა ეს ზღვარი. პატრიარქის კურთხევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ეს პრობლემა აღარ იდგა. უფროსებისგან მე თვითონ გამიკვირდა, ვკითხე კიდეც: „თქვენ ხომ მას გუშინ ირაკლის ეძახდით, ახლა ასე უცებ, როგორ შესძელით ამის გადალახვა?“ პასუხი იყო: „არა, ეგ დაბადებიდან უწმიდესი იყო, ახლა კი აღსრულდა ეს“.

- როგორ დაგამახსოვრდათ პატრიარქის ინტრონიზაციის დღე?

სვეტიცხოველში პატრიარქის კურთხევის შემდეგ, სასტუმრო ივერიაში გაიმართა ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდა, როგორც სამღვდელოება, ისე საზოგადოების წარჩინებული პირები.

ყველა გრძნობდა, რომ ხდებოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი რამის ახსნა მაშინ ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო. ერთმანეთს კითხვის ნიშნით ვუყურებდით - პასუხი არავის ჰქონდა. ბანკეტის შემდეგ, მისი უწმიდესობა საპატიო ესკორტით მიაცილეს საპატრიარქო რეზიდენციაში. გვიანი ღამე იყო. პირველად შედგა ფეხი სამუშაო ოთახში უკვე გვირგვინოსანმა პატრიარქმა. გავიდა დრო, მისი უწმიდესობა არ ჩანდა. გავბედე და ღია კართან მივედი.

კაბინეტის კედლებზე ეკიდა საქართველოს ყოფილი პატრიარქების პორტრეტები. მისი უწმინდესობა მიდიოდა ყოველ სურათთან, პატივს მიაგებდა, ხელაპყრობით ლოცულობდა და შესთხოვდა მათ სულებს - დახმარებოდნენ იმა სოფლიდან, რადგან მთელი სიცხადით გრძნობდა და ხედავდა, რა რთულ და ეკლიან გზას შეუდგა.

- მსმენია, რომ უწმიდესისა და უნეტერსის ილია II საპატრიარქო ტახტზე ასვლას ქართველი ხალხი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა.

- პატრიარქის მმართველობის პირველ წლებში, მახსოვს ერთხელ უწმიდესი ფილარმონიის დარბაზში საიუბილეო საღამოზე მიიწვიეს. ცკ-ს მდივანი ედუარდ შევარდნაძე თავისი ამალით უკვე დარბაზში იყო, როდესაც უწმიდესი შემობრძანდა. საიუბილეო საღამო ეროსი მანჯგალაძეს მიჰყავდა. როცა პატრიარქი დარბაზში შევიდა, ვინც დაინახა, ყველა ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტებით მიეგება. პატრიარქმა ხალხი დალოცა. ისეთი ხმაური იყო დარბაზში, ბატონ ეროსს არ მიეცა საშუალება საღამო დაეწყო, თუმცა მან რამდენიმეჯერ უშედეგოდ სცადა. ხელისუფალთ ეს ლამის გამოწვევად მიიღეს. ასეთი „ბარიერები“ იმხანად ბევრზე ბევრი იყო.

- რაც პატრიარქის მძიმე ჯვარს კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა...

- ბევრი იყო რთულ გზაზე განსაცდელი, გულისტკენა, უსაფუძვლო ცილისწამებაც კი. და იტანდა ყოველივეს მართალი კაცი მშვიდად, უსიტყვოდ, უდრტვინველად, იმ ცოდვილთათვის მლოცველად, თავგზააბნეულებს რომ ვერ გაეგოთ რასა იქმან - და... მარცხდებოდნენ, მარცხდებონენ მისი უწმიდესობის ერთადერთი იარაღით - სიყვარულით, ყველას და ყველაფერს რომ მოერევა და კურნავს.

- საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს კარგად იცნობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დიდ პატივსაც მიაგებენ მის პიროვნებას...

- ამასთან დაკავშირებით, ერთი შემთხვევა მახსენდება. პატრიარქთან სტუმრად იყო ჩამოსული ამიერკავკასიის მუსულმან ხალხთა მუფტი. მოგეხსენებათ, პატრიარქმა როგორი თბილი მიღება იცის. მათ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. როდესაც მუფტი მიდიოდა და პატრიარქმა გააცილა, ჰოლში მონაზვნების ჯგუფი იდგა. მუფტის სახეზე ეტყობოდა, როგორი კმაყოფილი და სავსე ტოვებდა საპატრიარქოს. იგი მიუბრუნდა მონაზვნებს, ვერ მოითმინა, რომ არ ეთქვა: „თქვენ არ იცით, ვინ გყავთ!“ მან პატრიარქის პიროვნებაში უფლის რჩეული დაინახა.

- გთხოვთ, გაიხსენოთ რაიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს უწმიდესისა და უნეტერესის ხასიათს.

- ერთხელ სიონის ტაძარში წირვის დროს ერთი გაჭირვებული ქალი შემოვიდა. მას სახეზე თავსაფარი ჰქონდა ჩამოფარებული. ერთ-ერთი მრევლთაგანი გამოელაპარაკა და მანაც უამბო, რომ კანის დაავადება სჭირს, ამიტომ სახლში შვილებმა მოიძულეს და იგი თბილისში სამათხოვროდ ჩამოვიდა. ტაძარში ჩოჩქოლი შეიქნა. პატრიარქს რომ ხმაური მოესმა, სტიქაროსნებს დაავალა, გაიგეთ რა ხდებაო. მალე უწმიდესს ამ ქალის შესახებ მოახსენეს: წასასვლელი არსად აქვს და აქ ზისო.

მაშინ პატრიარქის რეზიდენცია სიონის ეზოში იყო. როგორც კი წირვა დამთავრდა, პატრიარქმა საჩქაროდ მალამოს მომზადება დაიწყო. ალბათ, იცით, რომ უწმიდესი ფიტოთერაპიითაა გატაცებული. მალამოსთვის საჭირო კომპონენტები მოითხოვა და თავისი ხელით შეაზავა. შემდეგ დედები სიონის ტაძარში გააგზავნა, რომ ის ქალი მოეყვანათ. ავადმყოფი ქალი სიონში აღარ დახვდათ. პატრიარქი შეწუხდა და დაავალა, მოეძებნათ იგი. უწმიდესმა ზოგი ვაგზალზე გააგზავნა მის მოსაძებნად და ზოგიც - ავტოსადგურში. ქალი ვერსად იპოვეს. უწმიდესი კი სადილს არ ეკარებოდა, იჯდა და ელოდა...

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.

ესაუბრა მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ 2004 წ.

ქართვლის მნათობო!

უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს

ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.

ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.

იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,
დგას საქართველო დამ
წყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.

უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები
ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.

მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.

შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია,
დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა,
ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება
და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა.

სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ,
ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია;
ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ
და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია.

შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით,
და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას...
წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით,
თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას.

ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა,
დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით,
გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა,
ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით,

ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს,
თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით.

ნუგზარ ჩიკვაიძე

დალოცვილი და ბედნიერი გამყოფოთ უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თქვენ და სრულიად საქართველო.

ღმერთს ებარებოდეთ, ღმერთს ეყვარებოდეთ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ინფორმაციის წყარო:http://www.orthodoxy.ge/patriarqi.htm

მართმადიდებლობა

გზა ტაძრისაკენ

ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

„ისე და იქ უნდა ემსახურო უფალს, როგორც და სადაც თავად ღმერთი მოითხოვს“

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ (ჭუაძე) საუბარი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ყოველი ადამიანი თავისი გზით და თავისებურად მიდის უფალთან. ამიტომაა ჩვენი ცხოვრება საინტერესო. ყველანი სხვადასხვანაირები ვართ და თითოეულ ჩვენგანს ეძლევა ის, რაც მას სჭირდება. სწორედ ამაშია უდიდესი მადლი, უდიდესი სიბრძნე უფლისა“

დავიბადე ქალაქ სიღნაღში. ბოდბის მონასტერში კომუნისტების დროს საავადმყოფო ყოფილა გახსნილი და მეც სწორედ იქ დავბადებულვარ. მშობლები აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობდნენ. შვიდი წელი იქ დავყავით. მერე მამამ ობსერვატორიას თავი დაანება და მამაპაპისეულ სახლს დაუბრუნდა თელავში. მეც იქვე მიმიყვანეს სკოლაში. ათი კლასი ისე დავამთავრე, ტაძარში თითქმის არც შევსულვარ. ისეთი დრო იყო, ეკლესიაში სიარულს არავინ გვირჩევდა.

* * *

შემდგომ ამისა თბილისში ჩამოვედი და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე. იქაც ისე ვისწავლე რამდენიმე წელი, რომ, ჩემდა სამარცხვინოდ, არც ერთ ტაძარში ფეხი არ შემიდგამს. პირველად სიონში შევედი, ისიც - მერაბ კოსტავას დასაფლავებაზე.

ეს ჩვენი სტუდენტობის დრო იყო, 1988-1989 წლები, როდესაც ეროვნული მოძრაობა უფტო მეტად გამოიკვეთა, ეროვნული სული უფრო მეტად ამაღლდა. ყოველივე ამან იმაზე დაგვაფიქრა, რომ დედაეკლესია განსაკუთრებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის.

მოგვიანებით ცოტათი გაგვიტყდა გული (ეს უკვე 9 აპირილის შემდგომ პერიოდში მოხდა) - იდეალები, რომელთათვისაც ვიბრძოდით, თანდათან ქრებოდა და ჩვეულებრივი ცხოვრება იწყებოდა. მე კი რაღაცას ვეძებდი, მინდოდა, ჩემი ქვეყნისთვის რაიმე შემემატებინა. მშენებელი ვიყავი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი პროფესიით ისეთს ვერაფერს გავაკეთებდი - ჩემნაირი მშენებელი ხომ უამრავი იყო საქართველოში.

და სწორედ ამ დროს წავიკითხეთ განცხადება: საფარის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები იგეგმებოდა და წასვლის მსურველთა ჯგუფს კრებდნენ. მე და ჩემმა ამხანაგებმა ვიფიქრეთ: რაკი ეროვნულ მოძრაობაში მაინცდამაინც ვერ ვიპოვეთ საკუთარი თავი და ადგილი, მოდი, წავიდეთ, იქნებ მცირედი მაინც გავაკეთოთ ეკლესიისთვისო.

ჩავედით საფარაში. მონასტერი მოქმედი აღმოჩნდა, ჩვენ კი არც ქცევის წესები ვიცოდით და არც არაფერი, პირჯვარსაც ვერ ვიწერდით სწორად. ასე ვთქვათ, სულიერად და რელიგიურად სრულიად გაუნათლებლები ვიყავით. ბავშვობაში კი მომნათლეს (საქართველოში ასე თუ ისე ყველა მონათლულია), მაგრამ ნათლობის არსი, მნიშვნელობა გააზრებული არ მქონდა.

მაშინ საფარის მონასტრის წინამძღვარი მამა სერგი (ჩეკურიშვილი) გახლდათ. მისი ქადაგებით, მოღვაწეობით ვისწავლეთ ყველაფერი. ერთი თვე ვიმუშავეთ აქ და ამ ერთ თვეში ლოცვაც დავიწყეთ, აღსარებაც ვთქვით, ვეზიარეთ კიდეც... ასე ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას.

მონასტერმა, მონასტრულმა ცხოვრებამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. დავინახე, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მსახურობდნენ, ჭეშმარიტად უფლისათვის, ქვეყნისათვის წირავდნენ თავს და სხვა არაფერი ამოძრავებდათ (რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი ეროვნული მოძრაობის ბევრ მონაწილეზე). ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მონასტერს დიდი მიმზიდველობა ჰქონია... ბერობა გადავწყვიტე. მახსოვს, მამა სერგი ქადაგებდა. ჩვენ გარშემო ვუსხედით. საუბრისას სულ იმას იმეორებდა წუხილით, საქართველოს ძალიან ცოტა ბერ-მონაზონი ჰყავსო. ამ სიტყვებს რომ ვისმენდი, გავიქიფრე, აი, რა შემიძლია გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის-მეთქი. ამის მერე უკვე ვცდილობდი, ამ განზრახვისთვის ხორცი შემესხა, მოვმზადებულიყავი, მებრძოლა. ბერობა იყო ჩემი მიზანი და სხვა აღარაფერი მინდოდა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა იოლი არ ყოფილა...

* * *

ბერობა რომ გადავწყვიტე, სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ათონის მთიდან საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს (იგი ამჟამად სიონში ბრძანდება). ვიცოდი, რომ დედა ღვთისმშობელი ბერებისა და მონაზვნების განსაკუთრებულ მფარველად ითვლებოდა. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, მივახლებოდი, თაყვანი მეცა და მეთხოვა, გავეძლიერებინე და მონაზვნობის მადლი მოენიჭებინა. როგორც კი საშუალება მომეცა, მივედი და უპირველესად ეს შევთხოვე.

არ გასულა დიდი დრო და ისეთი განსაცდელი შემემთხვა, ეკლესიას კინაღამ სულ დავანებე თავი... შემეშინდა და აღსარებაში ვთქვი. მოძღვარმა ამიხსნა: როცა უფლისგან რაიმეს ვითხოვთ, იგი გვცდის, განსაცდელს მოგვივლენს, რათა გამოჩნდეს, რამდენად მტკიცენი ვართო. მივხვდი, რომ განსაცდელი ჩემს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა და ერთხანს მეშინოდა კიდევაც, ბერობა მეთხოვა. სიონში რომ მივდიოდი, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე ტაძარში და კუთხეში დავდგებოდი - ღვთისმშობლის ხატს ვემალებოდი; ვიცოდი, მასთან რომ მივსულიყავი, აუცილებლად ბერობას ვთხოვდი (ამის სურვილი არ გამნელებია), არადა, განსაცდელისაც მეშინოდა!

ნელ-ნელა გამიარა შიშმა და ხატთან მიახლება გავბედე. მერე მეორედ მივედი, მესამედ... ბოლოს ღვთისმშობლის წყალობით მართლა მომეცა მადლი, ბერი გავმხდარიყავი. ახლა, როცა იმ ჩემს ბავშვურ საქციელს ვიხსენებ, მეღიმება ხოლმე.

* * *

ბერად საფარაში აღვიკვეცე, 1991 წელს (როგორც მახსოვს). მოულოდნელად დამიძახა მამა სერგიმ და მითხრა, ერთი კვირის შემდეგ უნდა აღგკვეცოო. ცხადია, ამ დღეს მოუთმენლად ველოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მონასტერში დავიწყე ცხოვრება, მორჩილი გავხდი, აღარ ვჩქარობდი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ უფალს შევწირე თავი და დანარჩენზე - როდის რა მოხდებოდა - აღარ ვნერვიულობდი, თუმცა კი სურვილი დიდი მქონდა.

ზოგს ჰგონია, რომ ბერად აღკვეცაში არის რაღაც სევდიანი, მწუხარე. მინდა ვთქვა, რომ მსგავსი სიხარული ცხოვრებაში არ განმიცდია! ყველა საიდუმლო, რომელიც ეკლესიაში სრულდება, უდიდესი სიხარულის მომგვრელია - დიაკვნად კურთხევაც, მღვლად ხელდასხმაც, ეპისკოპოსად დადგენაც, - მაგრამ როცა ბერად აღკვეცის წესს ვკითხულობ, სულ სხვა გრძნობა მეუფლება.

* * *

ოჯახს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა შეგუება. საერთოდ, ამ გზაზე მშობლების წინააღმდეგობას სხვადასხვაგვარად უშვებს უფალი: თუკი მშობელი ხედავს, რომ შვილმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და საბოლოოდ განსაზღვრა თავისი მომავალი, ნაკლებ წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ თუ ადამიანი ჭოჭმანობს, წინააღმდეგობა გაცილებით დიდია. ასე რომ, ყველაფერი მაინც ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარებს.

მაშინ ბერობა განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. ზოგს ავადმყოფები ვეგონეთ, ზოგს - ისეთები, ზოგს - ასეთები, მაგრამ, ღვთის მადლით, ოჯახისგან დიდი წინააღმდეგობა არ შემხვედრია. ისეთ პერიოდში გავიზარდეთ, რომ საკმაოდ დამოუკიდებლები ვიყავით. მახსოვს, რაც სკოლა დავამთავრე, მას მერე თითქმის სულ დამოუკიდებლად ვცხოვრობდი - თბილისში ჩამოვედი, აქ ვსწავლობდი, ჯარი მოვიარე... მაშინაც, როცა ცხოვრების გზას ვირჩევდით, მეტი თავისუფლება გვქონდა.

დღეს, ჩემს სულიერ შვილებს რომ ვუყურებ, ნაკლებად დამოუკიდებელნი მეჩვენებიან. ხშირად მშობლები არ ასწავლიან შვილებს პასუხისმგებლობის აღებას, გადაწყვეტილების მიღებას. არადა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი ყველგან ხელჩაკიდებული კი არ ვატაროთ, ის ვასწავლოთ, თვითონ როგორ იცხოვროს სწორად.

* * *

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - 91 წელს გავხდი ბერიც, დიაკვანიც, მღვდელ-მონაზონიც და საფარის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის დროებით შემსრულებელიც.

ეპისკოპოსად რომ მაკურთხეს, ბოდბის ეპარქიაში გამამწესეს. ბოდბე ჩემთვის საოცრად საყვრელი ეპარქიაა, მშობლიური ეპარქიაა, რადგან იქ დავიბადე. მშობლიურია ჩემთვის ახალციხეც, სადაც ორი წლის შემდეგ გადამიყვანეს - იქ მოხდა ჩემი სულიერი დაბადება, სულიერად იქ ავიდგი ფეხი.

ამჟამად ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველი ვარ. შესაძლოა, მთლიანად ვერ ვმართავ ამ ტერიტორიებს, მაგრამ მარტო მათი სახელების ჩამოთვლაც კი საოცარ სიხარულს მგვრის.

* * *

მართალი უთქვამს მეუფე საბას, როცა ჯგუფელები ვიკრიბებით, ხშირ-ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, პროფესიით მარტო მე და მეუფე ვმუშაობთო. მართლაც საოცარი პროფესია გვაქვს - მშენებელი. იყო დრო, როდესაც ეკლესიაში ყველაზე მეტად იგრძნობოდა აღმშენებლობა. დღესაც ვცდილობთ. ადამიანს განათლება იმიტომ ეძლევა, რომ გამოიყენოს... ღმერთმა ქნას, შეიცვალოს ვითარება საქართველოში, შენება იყოს.

* * *

ძალიან ხშირად დავდიოდით ხოლმე ზაგორსკის მონასტერში, ბერიც, მონაზონიც, ბევრი მინახვს, მაგრამ განსაკუთრებულად მამა სერგის (ამჟამად - მეუფე სერგის) ვიხსენებ, ჩემს მოძღვარს, რომლის მეშვეობითაც მოვედი ეკლესიაში. ის იყო მაგალითი ჩემთვის. შემდგომ კი, როცა უწმინდესი გავიცანი, უამრავი რამ ვისწავლე მისგან.

* * *

ბერად აღკვეცის შემდეგ, სამწუხაროდ, ძალიან მალე მომიხდა მონასტრის დატოვება. ეს ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან იქ სულ სხვა რამისთვის მივედი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევეწინააღმდეგოთ უფლის ნებას, ჩვენი თავგანწირვა, თავშეწირვა ხომ სწორედ ამაში მდგომარეობს. როდესაც ადამიანს უფლის სამსახურში ჩადგომა სურს, ისე და იქ უნდა ემსახუროს მას, როგორც და სადაც თავად ღმერთი მოითხოვს. ყოველივე მორჩილებით უნდა მივიღოთ და მთელი პასუხისმგებლობით აღვასრულოთ. ეს არის უმთავრესი და ამიტომ სწორედ ამას ვუსურვებ ყველას, ვინც უფლის მსახურების გზაზე აპირებს შედგომას.

ესაუბრა ნატო ტოროშელიძე
ჟურნალი „კარიბჭე“, № 6, 2004 წ.

„მონასტერი თავისთავად გაყენებს სწორ გზაზე“

70-იანი წლების შუა ხანებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის რამდენიმე კურსდამთავრებული მონასტერში წავიდა. ჩვენი სტუმარი, დედა მარიამი, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრის იღუმენია, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. სამწუხაროა, რომ ინტერვიუს კითხვისას ვერ ხედავთ მის თვალებს და არც მისი ხმა გესმით.

პირველი ნაბიჯები

დავიბადე 1964 წელს, თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. 14 წლის ვიყავი, რომ მოვინათლე. სხვათა შორის, მე თვითონ მოვინდომე. მეგონა, თუ მომნათლავდნენ და გულზე ჯვარს დამკიდებდნენ, ცუდი აღარაფერი შემემთხვეოდა. ჰოდა, როცა რაიმე სახიფათო საქმეზე მივდიოდი, ჯვარს მაშჲნ ვიკიდებდი ხოლმე. მონათვლის შემდეგ რაღაც სიმშვიდე ვიგრძენი, მწამდა, რომ ამიერიდან ღმერთი მიფარავდა. საერთოდ, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ღმერთი არსებობდა და მარტო არ ვიყავი ამ ქვეყანაზე. კი, ვიცოდი, რომ დედას ვუყვარდი, მამას ვუყვარდი, მაგრამ ბევრი განსაცდელი ხომ მარტოს უნდა გადამეტანა? ამის მეშინოდა და როცა გავიგე, რომ მფარველი ანგელოზი მუდამ ჩემთან იყო და არასდროს დამტოვებდა, გამბედაობა მომემატა.

ნელ-ნელა ეკლესიაში სიარულიც დავიწყე. ჯერ ამხანაგებს მივყევი, ისე, უბრალოდ, ცოტა ხანს გავჩერდი, მერე გავიგე, რომ მეორე დღეს წირვა იყო; თანდათან ქადაგების მოსმენაც დავიწყე, მოძღვართან მივედი, აღსარება ვთქვი... მინდობილი ვიყავი ეკლესიას და რაც არ მესმოდა (მაგალითად, რატომ უნდა დამეხურა თავზე), იმას მექანიკურად ვაკეთებდი. მერე ამ ყველაფრის საჭიროება ვიგრძენი... შეიძლება, ახლაც კი ვერ გამოვთქვა ეს; ნებისმიერი წესი, რომელიც თავიდან გაუგებარი იყო ჩემთვის, ახლა უკვე ძალიან ღრმა აზრით არის დატვირთული. რომც არაფერი წაიკითხოს ადამიანმა ამის შესახებ, ცონდა მაინც მოდის.

როდესაც ეკლესიაში სიარული დავიწყე, ერთადერთი სამთავროს დედათა მონასტერი იყო მცხეთაში და იქაც სულ მოხუცი დედები ცხოვრობდნენ. არ ვიცოდი, სად მდებარეობდა ეს მონასტერი და არც მეგონა, ჩვეულებრივ მოკვდავს თუ შეეძლო, მონაზონი გამხდარიყო. აქედან გამომდინარე, მონასტერში წასვლა აზრადაც არ მომსვლია. პირიქით, ბავშვობიდანვე მქონდა ჩაბეჭდილი თავში, რომ აუცილებლად უნდა დამემთავრებინა უმაღლესი სასწავლებელი, მემუშავა, მერე ასპირანტურაში ჩამებარებინა... ეკლესიაში რომ მივედი, უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვმუშაობდი. როცა მივხვდი, რომ ამ სამსახურისთვის თავის დანებება შეიძლებოდა, ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი.

ოთხშაბათობები

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ოთხშაბათობით ტაძრების დასალაგებლად დადიოდა. უწმინდესთან ძალიან ახლოს ვიყავით, რაც თავისთავად უდიდესი ბედნიერება გახლდათ. ჩვენს მოძღვარს, მამა დავითს, რომელიც ახლა მეუფე დანიელი გახლავთ, დავყავდით ტაძრებში, მონასტრებში, ვშრომობდით, ვლოცულობდით. კვირაში ერთ დღეს მონასტრულად ვატარებდით. ნელ-ნელა ვიგრძენი, რომ ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე ვცხოვრობდი... ეს რომ გავიაზრე, სამსახურიც გამოჩნდა ეკლესიაში - გობელინებს ვქსოვდით.

რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ...

უწმიდესმა რომ დაინახა, მონასტერში წასასვლელად მზად ვიყავით, ხელი შეგვიწყო - რუსეთში, პიუხტიცის მონასტერში გაგვიშვა. თექვსმეტნი წავედით. იქ ერთი თვე გავატარე. ჩვეულებრივად ვცხოვრობდი; დედაც მენატრებოდა, ამხანაგებიც, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, არ გამჭირვებია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, მონასტრის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო-მეთქი. ერთადერთი უცნაური გამოცდილება ის იყო, რომ რაც არ მინდოდა, სწორედ იმის კეთება მომიხდა. მეუფეს ვთხოვე, ოღონდ სამზარეულოში არ გამიშვათ და ყველა საქმეზე თანახმა ვერ-მეთქი. მაინცდამაინც სამზარეულოში გამამწესა. რა უნდა მექნა? ღვთის შეწევნით ყველაფერი ადვილად გადავიტანე, როგორც კი შინაგანად მივიღე და დავმორჩილდი. მერე და მერე მივხვდი, რომ რაღაც ასეთი აუცილებელი იყო ჩემთვის.

პიუხტიცის მონასტერში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, დედა ლიუბოვი. უკვე მოხუცებული, სულ ბუზღუნებდა, მაგრამ ისეთ სიყვარულს ასხივებდა, რომ დაინახავდი, გულში ჩახუტება მოგინდებოდა. თურმე სულ ახალგაზრდა მისულა მონასტერში. ისეთი მხიარული ყოფილა, დედებს გასჭირვებიათ მისი მიღება და მოძღვრისთვის საგანგებო წერილი გაუგზავნიათ - ასეთი და ასეთი გოგო მოვიდა, ვერ ვაჩერებთ, სულ იცინის და რა ვქნათო. რა უნდა ქნათ და უნდა დატოვოთო, - მიუღიათ პასუხი. და ისიც მთელი გულით ემსახურებოდა მონასტერს ღვთის გულისათვის. ყველაფერი მას ებარა: სატრაპეზო, საცხობები, მეურნეობა... იმდენი საქმე მქონდა, თორმეტი წლის განმავლობაში არც ერთ საუფლო დღესასწაულზე არ დასწრებია წირვა-ლოცვას - არც აღდგომას, არც შობას, არც ფერისცვალებას... ღამე დგებოდა, რომ პირადი კანონი შეესრულებინა; წირვა-ლოცვაზე, როცა დრო ჰქონდა და ესწრებოდა, დამჯდარი არავის უნახავს. უკვე წამოსული ვიყავი, მისი ამბავი რომ გავიგე: თურმე დაბრმავებულა და მაშინ უთქვამს, აი, ახლა კი სულ ვილოცებო. მერე სქიმმონაზონი გამხდარა...

მონასტერში უნდა წავსულიყავი, რომ მესუნთქა

მახსოვს, მოძღვარმა მითხრა, რა დროს შენი მონასტერია, ხომ ხედავ, ჯერ არაფერი გაგეგებაო. ვიფიქრე, ამის დრო არც არასდროს დამიდგება-მეთქი. ისევე, როგორც არასოდეს იქნები ზიარების ღირსი. უბრალოდ, ვიცოდი - მონასტერში უნდა წავსულიყავი, რომ მესუნთქა. სხვანაირად არ შემეძლო, ამიტომ იმაზე ფიქრი, მერე რა მელოდა ან რა გზა იყო ეს გზა, არ დამიწყია. ამასობაში მოხდა ისე, რომ კიდევ რამდენიმე ჩემი ახლობელი თავ-თავისი გზით მონასტრის კარიბჭესთან აღმოჩნდა. ასე რომ, სამთავროში ხუთნი წავედით. ალბათ, ამიტომაც არ გაგვჭირვებია.

დედებმა ძალიან კარგად მიგვიღეს და ბევრი რამ გვასწავლეს. თავიდან, უბრალოდ, შეგვიყვარდა ეს ადამიანები - ახალგაზრდები ვიყავით და გვეგონა, მათზე მეტი წიგნი გვქონდა წაკითხული, მედავითნეობაც უკეთ ვიცოდით და ა.შ. - მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ისინი გულმხურვალე მონაზვნები იყვნენ და მათი ლოცვაც ჭეშმარიტი იყო. მამა გაბრიელიც ძალზე დაგვეხმარა, რომ უკეთ გვეგრძნო, რა არის ქრისტიანობა. არც პატრიარქის ყურადღება გვაკლდა და არც მოძღვრის. ერთი სიტყვით, განებივრებულები ვიყავით ღვთის წყალობით...

მონაზვნად სამთავროს მონასტერში აღვიკვეცე, მაგრამ მერე მარტყოფში გადავედი საცხოვრებლად, სამი წლის შემდეგ კი უკვე აქ, ფერისცვალებაში, დავმკვიდრდი. ოცამდე დედა ვართ. მონასტერში უამრავი საქმე კეთდება, სეფისკვერები, სანთლები კეთდება... პირველ რიგში კი, რაღა თქმა უნდა, ვლოცულობთ. რაკი მონასტერი ქალაქშია, უამრავი ხალხი მოდის თხოვნით; როცა გაჭირვებული მოგმართავს, უარის თქმა ძნელია, ვერ ეტყვი, შენთვის არ მცალიაო. თავიდან მათ მონასტერშივე ვიღებდით და ეს, ცოტა არ იყოს, გვიჭირდა. ახლა ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ: მოწყალების დების სასწავლებელი გავხსენით, სადაც გოგონები სწავლობენ და ცხოვრობენ კიდეც, თან გვეხმარებიან.

ჰო, მონასტერში ერთი განსაცდელი გვაქვს (ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი) - მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე დარეჯან დედოფლის სასახლის ქვეშ მიწისქვეშა წყლები გადის და ის კლდე, რომელზეც შენობა დგას, იშლება. ალბათ, ძალიან დიდი თანხაა საჭირო, რომ არ დაინგრეს, ეს კი ჩვენს ძალებს აღემატება და ჯერჯერობით არ ვიცით, ვის მივმართოთ თხოვნით.

მისტიკური ქალაქი და ერთობის განცდა

იერუსალიმში 2000 წელს ვიყავით, საშობაოდ, - უწმიდესს ვახლდით. ბუნებრივია, ქალაქმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იერუსალიმი ისეთი მისტიკური ქალაქია, მორწმუნეც რომ არ იყო, ამას მაინც იგრძნობ. თითქოს წარსულში აღმოჩნდები - დადიხარ სწორედ იმ ქუჩებში, მაცხოვარმა რომ გაიარა, ეხები ქვას, რომელსაც ლოცვის ჟამს მიაყრდნო...

ამასთან ერთად, მქონდა კიდევ მეორე განცდა - ერთიანი, მთლიანი და ბედნიერი საქართველოსი. დელეგაციაში ბევრი ვიყავით, დაახლოებით 200 კაცი. ბევრს არც ვიცნობდი, მაგრამ ჩვენს შორის ისეთი ერთსულოვნება სუფევდა, შეთანხმებაც არ გვჭირდებოდა. რაღაც ძალამ გაგვაერთიანა და მივხვდი, როცა ასეთი ერთობა არსებობს, როგორი დიდი ძალაა, იყო ქართველი.

მახსოვს, სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქები და სახელმწიფოს მეთაურები აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავთან უნდა შებრძანებულიყვნენ. როდესაც ჩვენი პატრიარქი გამოჩნდა და კიბეზე უნდა ჩამობრძანებულიყო, წვიმა შენელდა. მთელმა დელეგაციამ, ისე, რომ არავის ნიშანი არ მოუცია, ერთად დავიწყეთ გალობა და უწმინდესი ტაძარში შევაცილეთ. არც ერთი პატრიარქი და არც ერთი სახელმწიფოს მეთაური ასეთი დიდებით არ მისულა მაცხოვრის საფლავთან.

ღვთისმშობლის საფლავზეც საოცრება მოხდა; ჯერ არავის უშვებდნენ, ახლახან წყალმა დატბორა და ჩაკეტილიაო. ვიდექით და ვფიქრობდით, როგორ შეიძლება, აქამდე მოსულებმა ღვთისმშობლის საფლავი ვერ ვნახოთო. ამ დროს პატრიარქი მობრძანდა. კარი რომ გაუღეს, ჩვენც შევცვივდით... ყველანი ვტიროდით. ისეთი განცდა იყო, თითქოს ღვთისმშობელმა ყველა ერთად ჩაგვიხუტა. პატრიარქიც ტიროდა, ძლივს წაიკითხა სახრება. მეც, ცრემლი რომ წამსკდა, ვეღარ გავჩერდი. ეს ღვთისმშობლის წყალობა იყო.

კიდევ, მახსოვს, შობას ბეთლემის ტაძარში ვერ შევდიოდით. ხალხი უამრავი იყო, შესასვლელი კი - ერთადერთი, თანაც ვიწრო. ამ დროს კი გარეთ ღია ცის ქვეშ დემის რუსოს კონცერტისა და გრანდიოზული დისკოთეკისთვის ემზადებოდნენ და ტაძარში რომ არ შეგვესწრო, კონცერტს ვერ ავცდებოდით. ვიდექით ასე საწყლად. მერე ხმადაბლა გალობა წამოვიწყეთ... უცებ, - არ ვიცი, ვის მოაფიქრდა, - ჩვენმა მამაკაცებმა ხელები ჩაჰკიდეს ერთმანეთს, კორდონი გააკეთეს და ჯერ ქალები შეგვიშვეს, მერე თვითონ შემოგვყვნენ. ასე სასწაულებრივად აღმოვჩნდით ტაძარში, არადა, თითქოს იმედიც არ უნდა გვქონოდა იქ შესვლისა.

ჯვრის მონასტერშიც ვიყავით. პატრიარქი წირავდა. ძალიან დიდი ზეიმი იყო, თითქოს გაიღვიძა მონასტერმა. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიხაროდა, ეს იყო ერთობის განცდა.

ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა არ გვინახავს, მაგრამ პირადად მე ისეთი სავსე ვიყავი, მეტის დატევა აღარ შემეძლო.

სასწაული ალბათ მაინც ადამიანის გულში ხდება. შეიძლება, ანგელოზი გამოგეცხადოს და ვერაფერს მიხვდე, მაგრამ შეიძლება, ვერაფერიც დაინახო და უცებ ისე გაგითბეს გული, იგრძნო, რომ ღმერთი არსებობს.

მე ეკლესიამ მიშველა

ადრე მონასტეში წასვლა უფრო ადვილი იყო, არა? ახლა უფრო ძნელია, ხომ? სიმართლე გითხრათ, ეგ მეც მიფიქრია...

ახლანდელ ბავშვებს რომ ვუყურებ, სულ ვცდილობ, თავი შევიკავო და არაფერი ვთქვა იმაზე, თუ როგორ აცვიათ, როგორ იქცევიან. შეიძლება, მათ, უბრალოდ, ბებოს თვალით ვუყურებ - თავის დროზე ჩვენზეც ასეთივე რეაქცია ჰქონდათ უფროსებს, - არ ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ დღევანდელი ბავშვები ნაკლებს კითხულობენ, ნაკლებად ვითარდებიან, უფრო ზედაპირულ განათლებას იღებენ. დროც არა აქვთ: ტელევიზორი, კომპიუტერი... ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.

საქართველოს ისტორია და ლიტერატურა რომ ასწავლონ კარგად, შეიძლება, ბავშვი ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რადგან ჩვენს ისტორიასა და ლიტერატურაში რაც კი ღირებულია, იმდენად ახლოსაა ღმერთთან, რომ მაინც სარწმუნოებამდე მივყავართ.

ჩვენ, ჩემს თაობას, ეროვნული განცდაც უფრო ძლიერი გვქონდა. ახლა როგორღაც საკუთარი ნებით ვამბობთ უარს, ვთმობთ ყველაფერს და მივდივართ...

ჩვენ არც საქართველოს ისტორიას გვასწავლიდნენ, არც ქართულ ლიტერატურას - ეკლესიაში რომ მივედი, მერე დავაფასე ხალხური სიმღერაც, ჩვენი ისტორიაც, ყველაფერი, რაც ქართულია და მივხვდი, რომ თუ ამას არ მოვეჭიდებოდი, - ცხადია, სარწმუნოებასთან ერთად, - ძალიან ძნელი იქნებოდა ჩემი, როგორც პიროვნების გადარჩენა.

მე მონასტერმა მიშველა... მონასტერი თავისთავად გაყენებს სწორ გზაზე; საკუთარ ვნებებს რომ ებრძვი, გული იწმინდება. შენს შეცდომებს უკეთ ხედავ და სხვების მიმართაც უფრო ლმობიერი ხდები.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელ დღეს, ალბათ, უფრო ძნელია არამცთუ ქრისტიანობის, ადამიანობის შენარჩუნებაც კი. მეშინია, ძალიან პესიმისტური ნათქვამი არ გამომივიდეს. თუმცა, არა, ეს არ არის პესიმისტური. ღმერთი არსებობს და თუკი ჩვენი თაობა ამოიყვანა ჭაობიდან, ამ ბავშვებსაც, ამ თაობასაც უშველის. სადაც ცოდვა მრავლდება, იქ მადლიც იზრდება. ამის იმედი მაქვს.

ესაუბრა ნატო ტოროშელიძე
ჟურნალი „კარიბჭე“, № 4, 2004 წ.

„მონაზვნობა ადამიანის მიერ ღვთისადმი მადლიერებითა და სინანულით გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლია“

მეუფე საბა (ერისკაცობაში - ზაზა გიგიბერია) 1966 წლის 27 სექტემბერს დაიბადა ქალაქ სენაკში. მოუნათლავთ თბილისში, დიდუბის ეკლესიაში, 4 თუ 5 წლისა. მშობლები მონათლულები კი ყოფილან, მაგრამ ეკლესიურად არ უცხოვრიათ. შვილი, ალბათ, უფრო ტრადიციის გამო მონათლეს. საშუალო სკოლა სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში დაამთავრა (სხვათა შორის, ეს სკოლა ილია ჭავჭავაძეს დაუარსებია 1884 წელს, შემდგომში კი იმ მრავალ გამოჩენილ ადამიანს უსწავლია). 1984 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩააბარა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1986 წლიდან, ისევ განაგრძო სწავლა. 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა...

საფარა

- მაშინ მეც, ისევე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი, ბევრს ვფიქრობდი, რა სიკეთის მოტანა შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის. და აი, მოხდა ისე, რომ ამ წელს შრომითი სემესტრები შეწყდა (მანამდე სტუდენტები რუსეთში დავყავდით ხოლმე). ზაფხულში ასეთი რამ შემოგვთავაზეს: ან მთელი თვე თბილისში მშენებლობაზე უნდა გვემუშავა, ან ახალციხეში, მონასტრის აღდგენით სამუშაოებზე წავსულიყავით. ჩვენ, რა თქმა უნდა, საფარის მონასტერი ავირჩიეთ. არა იმიტომ, რომ ეკლესია გვიზიდავდა; უბრალოდ, ერთი მხრივ, თბილისში დარჩენა არ გვინდოდა და მეორეც - მონასტრის აღდგენა ეროვნულ საქმედ მივიჩნიეთ. ასე აღმოვჩნდით ოცამდე კაცი საფარაში. მაშინ ცხოვრების წესის შეცვლაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ უფალი თურმე თვითონ აწყობდა ყველაფერს ისე, როგორც საჭირო იყო.

საფარის მონასტრის წინამძღვარი მამა სერგი გახლდათ (ამჟამად - ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი). პირველი ქადაგება სწორედ მისგან მოვისმინეთ. გვასწავლა, რა იყო ქრისტიანობა, როგორ უნდა გველოცა, როგორ უნდა გვევლო ტაძარში, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით აღსარებისთვის... ერთი სიტყვით, ის, რაც ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. და აი, სწორედ მაშინ, საუბრისას, გვითხრა, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ სულიერ, ეკლესიურ ცხოვრებას შეეძლო. საქართველოს ძლიერება ეკლესიის ძლიერებაზეა დამოკიდებული, თვითონ ეკლესიის ძლიერება კი - ბერ-მონაზონთა სიმრავლეზე, და არა მხოლოდ სიმრავლეზე, არამედ მათ ხარისხობრივ მდგომარეობაზეცო. როდესაც ვკითხეთ, ბევრი ბერ-მონაზონი გვყავდა თუ არა, დიდი გულისტივილით გვიპასუხა, რომ მათი რიცხვი ძალიან მცირე იყო. თუმცა ხალხი ნელ-ნელა მოდის ეკლესიაში, მაგრამ დამრჩენი ცოტააო. ვიფიქრე (მერე აღმოჩნდა, რომ მეუფე თეოდორესაც იგივე უფიქრია - ჩვენ ჯგუფელები ვიყავით), თუ საქართველოს წაადგება, სხვა რა შემიძლია, გარდა იმისა, რომ მე თვითონ დავრჩე მონასტერში და ბერული ცხოვრება დავიწყო-მეთქი. აი, აქედან დავიწყეთ ფიქრი მონასტრულ ცხოვრებაზე და მხოლოდ შემდგომში გავაცნობიერეთ ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ დგამს ადამიანი ამ ნაბიჯს, რომ ეს არის ღვთისადმი მადლიერებით და სინანულით გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლი.

ასე გავატარეთ ერთი თვე მონასტერში. რამდენჯერმე აღსარება ვთქვით. მეუფე შეგვპირდა, თუ მარიამობის მარხვას შეინახავთ, მარიამობას გაზიარებთო. მე, მეუფე თეოდორემ და კიდევ ორიოდე ბიჭმა შევძელით მარხვის დაცვა და პირველი ზიარებაც მივიღეთ.

როდესაც მონასტრიდან ერში დავბრუნდი, ასე მეგონა, სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოვხვდი, იმდენად ძნელი აღმოჩნდა ძველ ცხოვრებასთან შეგუება. იმ დროისთვის უკვე მეოთხე კურსზე ვიყავით. ძალიან გვიჭირდა ერთდროულად მონასტერში ყოფნაც და სწვლაც, მაგრამ მეგობრები, ლექტორები ხელს გვიწყობდნენ. ასე თუ ისე, შევძელით ინსტიტუტის დამთავრება. მომდევნო წელს საფარაში სასულიერო სემინარია გაიხსნა და ჩვენი მისი პირველი კურსდამთავრებულები გავხდით.

სანამ მონასტერში წავიდოდი, სულ ვცდილობდი, საზოგადოებაში ჩემი ადგილი მეპოვნა. ვფიქრობდი, ინსტიტუტს რომ დავამთავრებ, ვიმუშავებ, ოჯახი მეყოლება, მექნება სახლი, მანქანა... თითქოს ცუდზე არაფერზე ვოცნებობდი, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც არასოდეს მტოვებდა და მხოლოდ მაშინ, როცა პირველად მივედი მონასტერში, რაღაცნარიად დავმშვიდდი. მივხვდი, რომ იქ იყო ჩემი ადგილი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გზაზე დამაყენა უფალმა.

დედის სიტყვები მთელი სიცოცხლე მემახსოვრება

ადამიანი მონასტერში წასვლას რომ გადაწყვეტს, ყველაზე დიდი წინააღმეგობა, როგორც წესი, ოჯახის წევრებისგან ხვდება. მართალია, მოსაკლავად არავინ გამომკიდებია, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ ჩემს ამ ნაბიჯთან შეგუება. მით უმეტეს, ოჯახში ერთადერთი ვაჟი ვიყავი... წელიწადნახევარი ისე ვახერხებდი მონასტერში ყოფნას, რომ ჩემებმა არაფერი იცოდნენ, თუმცა კი გრძნობდნენ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა.

ჩემი გადაწყვეტილების გაცხადების დღეც დადგა. გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვთქვი. ტირილი დაიწყეს, ცდილობდნენ, როგორმე გადაეფიქრებინათ: ხომ შეიძლება, ოჯახი შექმნა, მღვდელი გახდე და ასე ემსახურო ღმერთს; გვინდა, შვილი დაგრჩესო და ასე შემდეგ. როგორც შემეძლო, ვუხსნიდი, რა შეიძლებოდა და რა - არა, რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება...

მახსოვს, ზამთარი იყო. ეპისოკპოსმა რამდენიმე დღით მონასტრიდან შინ გამიშვა, რომ კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდი მშობლებს. ჩავედი სოფელში. ორ დღეში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ასეთი თოვლი სამეგრელოში მართლაც იშვიათობაა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს განსაცდელი იყო. თოვლის დადნობას რომ დავლოდებოდი, შეიძლება, ოჯახი შემბრალებოდა და დავბრკოლებულიყავი. გადავწყვიტე, დათქმული დროისათვის არ გადამეცილებინა. დილით რომ ავდექი, განვაცხადე, მონასტერში უნდა დავბრუნდე-მეთქი. მითხრეს, ასეთ ამინდში როგორ უნდა წახვიდე, ტრანსპორტი არ მოძრაობს და არაფერიო. ფეხითაც რომ მომიწიოს წასვლა, მაინც წავალ-მეთქი. ვერა და ვერ მიხვდნენ, წასვლა ასე რატომ დავიჟინე - ჩვენ ხომ, ასე თუ ისე, შევეგუეთ შენს არჩევანს, აღარ გეწინააღმდეგებითო. ნამდვილი მიზეზი, რასაკვირველია, ვერ ვუთხარი. ავიღე ბარი და ფეხით დავადექი გზას. დედაჩემი და ჩემი და გამომყვნენ. მამაჩემმა ვერ შეძლო, პირდაპირ ვიტყვი, გული აუჩუყდა, ატირდა და ვეღარც კი დამენახა.

რამენიმე ასეული მეტრი ვიარეთ თოვლში. სოფლის ცენტრამდე რომ მივედით, დედაჩემს ვუთხარი, დაბრუნდით, აქ დაგემშვიდობებით-მეთქი. მან ასეთი რამ მითხრა: შვილო, იმისთვის გზრდიდი, რომ ბედნიერი ყოფილიყავი და თუ ფიქრობ, რომ შენი ბედნიერება იქ არის, მაშინ დამილოცნიხარო. სიმართლე უნდა ვთქვა, მაშინ მისგან ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. კი ვიცოდი, რომ მშობლის დალოცვას უდიდესი ძალა ჰქონდა, განსაკუთრებით იმ გზაზე, რომელსაც მე დავადექი, მაგრამ დედაჩემისთვის ამის გაკეთება არც კი მითხოვია - ვიცოდი, გაუჭირდებოდა.

აი, ასე მშობლისგან დალოცვილი წავედი მონასტერში. დედაჩემის სიტყვები მთელი სიცოცხლე მემახსოვრება. მწამს, რომ მისი დალოცვის მადლი მუდამ თან დამყვება და განსაცდელის ჟამს მეხმარება კიდეც. თვითონ დედაჩემიც დამეხმარა - ისეთი ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, ისე მკაცრად მარხულობს და ლოცულობს, რომ სხვებს მაგალითსაც კი აძლევს. ჩემი დებიც მოიქცნენ. მამას ჯერ ვერაფერი მოვუხერხეთ, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი დრო, თავისი გზა აქვს და იმედი მაქვს, ღვთის მადლით მალე ისიც ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებს.

კიბე

მე მაინც ვთვლი, რომ ის იერარქიული საფეხურები, რაც მონასტერში მისულ ადამიანსა და ეპისკოპოსს შორის არსებობს, ძალიან სწრაფად გავიარე. მონასტერში ცხოვრება 1989 წელს დავიწყე. 1990-ში უკვე მორჩილის კაბით ვიყავი შემოსილი. 1991 წლის 14 ივნისს მეუფე სერგიმ ბერად აღმკვეცა. მახსოვს, წმინდა ნინოს გზაზე მიმავლებს იმ დღეებში სწორედ საფარის მონასტერში მოუწიათ ყოფნა, ამიტომ ჩემს აღკვეცას რამდენიმე მეუფე ესწრებოდა.

1992 წლის 12 იანვარს დიაკვნად მაკურთხეს. 8 თვე ბერ-დიაკვანი ვიყავი. იმავე წლის 4 ოქტომებრს მღვდელ-მონაზვნად მაკურთხეს, დაახლოებით ორი წლის შემდეგ იღუმენის ხარისხში ამიყვანეს და საფარიდან ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვრად გადამიყვანეს, მანამდე კი ორი წლის მანძილზე ახალციხის ეპარქიის იკონომოსი გახლდით.

ტიმოთესუბანში დედათა მონასტერი გავხსენით. იქაც ზუსტად ორი წელი დავრჩი, რადგან 1996 წელის 3 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის ეპისკოპსად მაკურთხეს.

ჩვენი ეპარქია 200 წელი გაუქმებული იყო (ქუთაისის ეპარქიას გახლდათ მიერთებული). და აი, ორასი წლის შემდეგ ახალგახსნილი ეპარქიის მღვდელმთავრად მე დამნიშნეს. როგორც ისტორიიდან ჩანს, თავის დროზე ძლიერი ეპარქია ყოფილა, მაგრამ იმჟამად იქ სულ 4 თუ 5 მოძღვარი მსახურობდა. მეუფე კალისტრატე იმერეთის თერთმეტივე რაიონს მართავდა. იმ პირობებში, რომელშიც მას უწევდა მოღვაწეობა, ერთი ადამიანისთვის ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ იმისთვის, რაც დამხვდა, არ შემიძლია, მეუფეს მადლობა არ მოვახსენო.

ხონში რომ ჩავედით, ღვთის მადლით, ძველის აღდგენა და ახლის შენება დავიწყეთ. ახლა ეპარქიაში 25 ტაძარია, კიდევ 10 შენდება, რამდენიმეს რესტავრაციას ვუკეთებთ. 4 მოქმედი მონასტერი გვაქვს. სასულიერო პირთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მონასტერში 40 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 2 ბერია, 6 - მონაზონი, დანარჩენი კი - კაბიანი მორჩილი. მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით მეტს შევძლებთ, კიდევ ბევრია აღსადგენ-ასაშენებელი. ვხუმრობ ხოლმე, მთელი ჩვენი ჯგუფიდან პროფესიით მარტო მე და მეუფე თეოდორე ვმუშაობთ-მეთქი. ჩვენ ვაშენებთ, დანარჩენები კი ზოგი რას საქმიანობს და ზოგი - რას.

ახლა კი მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. სხვათა შორის, თქვენი ჟურნალი პირველია, სადაც ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდება. საერთოდ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.

და კიდევ ერთ რამეს ვუსურვებდი თქვენს „კარიბჭეს“. დღეს ისეთი დროა, როცა ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ადამიანებს ეკლესიისკენ მიმავალი გზა ვაჩვენოთ. ტელევიზია, ჟუნრალ-გაზეთები ამის ერთ-ერთი საშუალებაა და თუ შეძლებთ, ადამიანებს სწორად მიაწოდოთ მართლმადიდებლობა, ეკლესიური ცხოვრება ასწავლოთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბედნიერები ხართ. სწორედ ეს მინდა გისურვოთ: თქვენს ჟურნალს მკითხველები ეკლესიის კარიბჭემდე მიეყვანოს.

ღმერთმა სიკეთე, სიხარული მოგანიჭოთ და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენც და მთელ საქართველოს.

ესაუბრა ნატო ტოროშელიძე
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3, 2004 წ.

ინფორმაციის წყარო:http://www.orthodoxy.ge/gza.htm